"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტშია. ოპოზიციური პარტია 32 დეპუტატიანი შემადგენლობით პლენარულ სხდომასაც დაესწრო.
ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში მათი მისვლის შეეშინდა და 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამიტომ გადადო.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო საპარლამენტო საქმიანობა. ამიტომ ჩვენ მოვედით ზუსტად იმ კანონპროექტის განხილვისას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამნისტიის კანონპროექტის ჩახსნა ზუსტად გულისხმობს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს გარკვეული შიში ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კახა ოქრიაშვილი კი პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს.
"მე ახლა ვარ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ, პირველად, უნდა დავშალოთ ეს არალეგიტიმური პარლამენტი," - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში დღეს მივიდნენ. ისინი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ცნობილია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.