27 აპრილი 2024,   20:03
ვრცლად
500 მეტრი 15 წამში - ახალმა სატრანსპორტო საშუალებამ შესაძლოა თვითმფრინავები ჩაანაცვლოს

მოგზაურობა მცურავი, მოსრიალე კაფსულებით, რომლებიც თვითმფრინავზე სწრაფად გადაადგილდებიან - ეს შეიძლება შორეულ პერსპექტივად გეჩვენებოდეთ, მაგრამ იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონიათ.

ლას ვეგასთან ახლოს, ნევადის უდაბნოში, ცდიან სატრანსპორტო კაფსულებს, რომლებიც Virgin Hyperloop-ს ეკუთვნის. უდაბნოში მოწყობილია ის სპეციალური გზაც, სადაც კაფსულებმა უნდა გაიარონ. კომპანია იმედოვნებს, რომ ეს იქნება მომავლის ტრანსპორტი, რომელიც მგზავრობას უფრო სწრაფს და პრაქტიკულს გახდის.

ასეთი ტიპის ტრანსპორტით მგზავრობის იდეა პირველად 2013 წელს ილონ მასკს გაუჩნდა. Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელს იდეა ასე ჟღერდა - ჩავსვათ ადამიანები კაფსულაში, კაფსულა განვათავსოთ მილში და გავისროლოთ მაქსიმალური სიჩქარით. კომპანია კი ამ იდეას რეალურად ახორციელებს.

გასული წლის ნოემბერში პირველი ტესტი კომპანიამ წარმატებით გაიარა და მგზავრებით დატვირთულმა კაფსულამ 500 მეტრი სულ რაღაც 15 წამში დაფარა.

"ეს საოცარი შეგრძნება იყო. სიზმარს ჰგავდა ამ კაფსულაში ჯდომა. თავს ოდნავ აჩქარებულად გრძნობ, თითქოს სპორტმანქანით მგზავრობ," - განაცხადა პირველი სატესტო მგზავრობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კაფსულის დიდ ვარიანტს 25 ადამიანის გადაყვანა შეეძლება, ის აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკით.

კომპანია გეგმავს მილებისა და კაფსულის მაგნიტებით აღჭურვას, რათა კაფსულამ უფრო დიდი სიჩქარით იაროს. სწორედ ეს მეთოდი დაეხმარება ჩქაროსნულ ტრანსპორტს 1078 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაში, ეს მაჩვენებელი კი სრულიად საკმარისია, რომ მგზავრი ლონდონიდან პარიზში სულ რაღაც ნახევარ საათში ჩავიდეს.

ევოლუციური ტრანსპორტის მილების განთავსება შესაძლებელი იქნება როგორც მიწისქვეშ, ისე მიწის ზედაპირზე და წყალქვეშაც კი, რაც შესაძლებელს გახდის ოკეანეების გავლით კონტინენტების დაკავშირებას.  

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები