პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის გასაგებია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი დესტრუქციულია.
ამასთან, მდინარაძე ხატია დეკანოიძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში მათი მისვლის შეეშინდა და "20 ივნისის" მოვლენებზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამიტომ გადადო.
"50 ადამიანი იყო გარეთ მათ დასახვედრად და ამისი შიშით 6 საათის განმავლობაში პარლამენტში შემოსვლა ვერ მოახერხეს და ვის შიშზე ლაპარაკობენ? გასაგებია მათი დღის წესრიგი - დესტრუქციულია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ამასობაში ამ კამათისა და პოლემიკის მიღმა, რომელიც ხალხს მართლა აღიზიანებს, საქმე კეთდება. ის საქმე რამდენად ხარისხიანად კეთდება, ამაში არავინ არ შემოდის. მხოლოდ და მხოლოდ დასდევენ თავიანთ გამოგონილ ტყუილებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში დღეს მივიდნენ. ისინი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ცნობილია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.