"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დღეს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, მმართველმა პარტიამ პარლამენტში შესული "ნაციონალური მოძრაობის" შიშით დღევანდელი სხდომა ჩაშალა.
"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და სხდომას. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვთქვით, რომ მონაწილეობას მივიღებთ ისეთი საკითხების განხილვაში, რაც აწუხებს საზოგადოებას. "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სესიის დარბაზში შესვლიდან 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან. ისინი, "ქართული ოცნება", ჩამოშლილი ხელისუფლება გაექცნენ შიშის გამო ყველაზე მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ნამდვილად აინტერესებდა, რომ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა. მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას ფრაქციის დროით გამოყენებული პოლიტიკური მიმართვის და ასევე შეეშინდათ ყველა ჩვენი წევრის ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არ მისცემს მმართველ პარტიას საშუალებას, რომ თავი აარიდოს დისკუსიას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ დღევანდელმა ქმედებებმა ნათლად აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" აღარანაირი პოლიტიკური საყრდენი არ აქვს:
"ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მოტანას და დისკუსიაში ჩართვას, რომელიც აწუხებს საქართველოს საზოგადოებას, ბოიკოტი, გაქცევა და შიში არ უშველის "ქართულ ოცნებას"" - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.