"ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისას მათ არ ჰქონიათ ილუზია, რომ "ქართული ოცნება" დოკუმენტში ჩაწერილ რეფორმებს დიდი სიხარულით განახორციელებდა. მისი შეფასებით, დოკუმენტზე ხელმოწერა მეტყველებს არა "ქართულ ოცნებაზე" კარგი წარმოდგენის ქონაზე, არამედ აჩვენებს რამდენად პასუხისმგებლიანია ოპოზიცია. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკას "ღამის კურიერის" სტუდიაში კამათი მოჰყვა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, მისთვის მიუღებელია იმის შესახებ კრიტიკა, რომ "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვანი რეფორმები არ განუხორციელებია. ამის მაგალითად მან მართლმსაჯულების რეფორმა მოიყვანა და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მასშტაბური ცვლილებებია განხორციელებული.
"მასშტაბი არის ის, რომ დაგხვდათ მურუსიძე და ჩინჩალაძე და ახლა შემდეგ ხელისუფლებას უტოვებთ უვადოდ დანიშნულ მურუსიძე და ჩინჩალაძეს, ეს ხალხი სიმბოლო ადეიშვილის მიერ საათივით აწყობილი უსამართლო სასამართლო სისტემის," - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნების" წევრებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, "ქართული ოცნება" სასამართლო ხელისუფლებაში არ ჩარეულა და ამ პერსონების დანიშვნა თავად ამ სისტემის წარმომადგენლების გადაწყვეტილება იყო.