პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, 2022 წლიდან ამოქმედდება და კანონპროექტი მიღების შემთხვევაში ერთგვარი პრევენცია იქნება იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საბოტაჟი არ გამოხატონ და ამით საპარლამენტი საქმიანობას ხელი არ შეუშალონ.
"ის პარტიები, რომლების მიმართაც შეიძლება ამოქმედებულიყო თავის დროზე ეს რეგულაციები, დღეს არიან პარლამენტში. ანუ მათზე ვერ ამოქმედდება, ამოქმედდება გვიან და შესაბამისად ის შიში, რაც ჰქონდა ვენეციის კომისიას უბრალოდ სახეზე აღარ არის.
პარტიები უკვე შემოსული არიან, ფიზიკურად ისინი მონაწილეობენ საპარლამენტო მუშაობაში. შესაბამისად ამ პარტიებზე, არსებულ პარტიებზე არსებული მოცემულობით ვერ გავრცელდება ეს კანონი, გავრცელდება მოგვიანებით და ეს იყო სწორედ ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია, რომ არსებულ მოცემულობას არ შეეხებოდა ეს კანონი აქედან გამომდინარე 2022 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება ეს კანონი,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური კითხვები, უნდა დააფინანსონ თუ არა საკუთარი გადასახადებით პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აირჩიეს პარლამენტში და შემდეგ ამ პარტიებმა უარი თქვეს იმ საქმიანობაზე, რისთვისაც მიიღეს ხმები და რისთვისაც ითხოვენ დაფინანსებას. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ამ შემთხვევაში რა ფორმით იქნება მექანიზმები მიღებული და როდიდან ჩამოვიდა. ამ კუთხით კორექტივები არის შესული პროექტში, წინ გვაქვს მსჯელობა და შევძლებთ დავასაბუთოთ ყველა ის ინიციატივა, რაც გვაქვს პარლამენტში,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.