პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მწვავე ურთიერთბრალდებების საგნად იქცა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ტრიბუნებიდან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამნისტიის პროექტს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დოკუმენტში არსად არის ნათქვამი, რომ საჭიროა პირის თანხმობა მასზე ამნისტიის განსახორციელებლად.
"რაც შეეხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, ასევე ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რადგან ამ დოკუმენტში არსად არ არის ნათქვამი, რომ საჭიროა პირის თანხმობა იმისთვის, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტია,“ - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
მმართველი გუნდის დეპუტატები კი აცხადებენ, რომ მათი პროექტი სრულად პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებს და მასთან სრულ თანხვედრაშია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სურვილს გამოთქვამს, დოკუმენტს "ნაციონალურმა მოძრაობამაც" მოაწეროს ხელი.
"მიხარია, რომ ახსენებთ აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას და სულისკვეთებას, რომლის ხელმომწერი მხარეები აქ სხედან, თუმცა ვისურვებდი, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამაც" მოაწეროს ამას ხელი და გახდეს ერთ-ერთი მხარე ამ შეთანხმების, შემდეგ უფრო გექნებათ უფლება ისაუბროთ სრულად იმ სულისკვეთებაზე,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას აკრიტიკებს.
"როდესაც თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ დავრჩეთ შეთანხმების სულისკვეთებაში, ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ვხედავდით ჩვენ ამ 7 თვის განმავლობაში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
"პრინციპზე დგას ერთი ადამიანი, ნიკა მელია, რომელსაც არ უნდა, რომ აქტიური წინააღმდეგობა არ გაუწიოს ამნისტიის პროექტს, ამიტომ აფერხებს ეს ჩანაწერი. ამ შემთხვევაში მასზე ვერ გავრცელდება. მთელი ოპოზიცია დარაზმულია იმისათვის, რომ თან ნიკა მელიამ უნდა თქვას, რომ ეს არის საშინელი ამნისტია და თან უნდა შეეხოს აუცილებლად,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.