17 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ, ახლა გეკითხებით, თქვენ რომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ივანიშვილისგან - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობას"

ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

"თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე ბიძინა ივანიშვილისგან. ახლა გეკითხებით, თქვენ რომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან. 

ასევე მაინტერესებს, ეს პარლამენტი ლეგიტიმურია დღეს თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, რატომ სხედხართ და კითხვების დაზუსტებისთვის დროს რატომ ითხოვთ, საერთოდ რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია,"- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

ელისაშვილი ასევე ბათუმში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, როდესაც აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და თავზე ნაგავი დააყარეს. 

"მამის ტოლა კაცს ბათუმში თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეთ, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდევ კმაყოფილები ხართ იმ საქციელით? საერთოდ არ ვიცნობ ბატონ ჩავლეიშვილს, მაგრამ მან მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება - ადგა და შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. თქვენ კიდევ როგორ მოექეცით, ეს პოლიტიკისთვის ნორმალური პროცესია?" - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები