17 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"სამწუხაროდ, თქვენ არ წარმოადგენთ მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს, თქვენ წარმოადგენთ ერთი ადამიანის ინტერესს" - ცხელი დებატები პარლამენტში  

პარლამენტში, სადაც სესიის სხდომას 7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობაც" ესწრებოდა, ცხელი დებატები იყო. საკანონმდებლო ორგანოში, დღის განმავლობაში დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

"თქვენ შეიძლება აპატიოთ ადამიანებს, რომლებმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, რომ ისტორია ამას არ გაპატიებთ. ამნისტიის კანონით ყველას ეუბნებით უკლებლივ, ხვალაც, რომ გამოხვიდეთ დაგთხრით თვალებს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა ანი წითლიძემ კი ალეკო ელისაშვილს მიმართა:

"ალეკო თქვენ პირველი ადამიანი იყავით, ვინც ოპოზიციური ერთობა დაარღვიეთ და შემდეგ ჭორიკანა კაცივით ყველა ეთერში დაჯექით, საბოლოოდ კი უკადრებელი იკადრეთ ადამიანზე, რომელიც ციხეში იჯდა,"- ასე მიმართა პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა ანი წითლიძემ ალეკო ელისაშვილს. 

"ქართული ოცნების" დეპუტატებს კი, ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ ისინი მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს წარმოადგენენ და არა საქართველოს მოქალაქეების. 

"სამწუხაროდ, თქვენ არ წარმოადგენთ საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს, თქვენ წარმოადგენთ ერთი ადამიანის ინტერესს. მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისს თქვენ ერთ მხარეს იდექით, მე და ჩემი მეგობრები კი ისტორიის მეორე მხარეს ვიყავით. როდესაც საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, თქვენც გათავისუფლდებით იმ წნეხისგან, რომელსაც ოლიგარქის წნეხი ჰქვია და იმედი მაქვს, რომ თუკი რუსეთის გაპროტესტება იქნება, ამ ინტერესებს თქვენც შემოუერთდებით,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ

დღის ამბები