"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პარლამენტის სტუმრებს უწოდებს. ამასთან, კობახიძემ ენმ-ის თავმჯდომარეს კრიმინალიც უწოდა და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას "არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის".
"ძალიან ძნელი მოსასმენია, როცა ასეთ რამეს ვითმენთ ჩვენს კრიმინალისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და რომელიც არის ბრალდებული, არც მეტი, არც ნაკლები პარლამენტში შეჭრის მცდელობისათვის. ეს არის მძიმე, თუმცა ეს არის პოლიტიკური ცხოვრება.
ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არავითარი ნიშანწყალი კაცობის და სწორედ ამას უკავშირდება ის დანაშაულები, ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენდით.
ეს არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და დასჯილი სკოლის მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში. ასეთი პოლიტიკოსების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის.
არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ - ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. არ გადაიხადა და დაიჭირეს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ.
ახლა კი ფრაზები პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით: "ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტება" - თქვა ხატია დეკანოიძემ, როგორც ხედავთ ქალბატონმა ხატიამ თავი გაიმეტა და შემოვიდა. "ამ პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ" - თაკო ჩარკვიანი და ისიც არის დღეს ჩვენი პარლამენტის სტუმარი. "ოპოზიციური პარტიის წევრები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას" - ლევან ბეჟაშვილი და ისიც არის დღეს პარლამენტის სტუმარი. ამ და სხვა ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის მყარად აღიარება, რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა და მინდა მივმართო "ნაციონალებს", როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება," - აღნიშნა კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.