"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლით დღეს 7 თვიანი ბოიკოტი დაასრულა.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დარბაზში პირველად შესულმა და ტრიბუნასთან მისულმა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური ოპონენტებისთვის იმის შეხსენებით დაიწყო, რომ მათ ორჯერ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს და ორჯერვე ციხეში გაუშვეს. მელია ელოდება, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს შემოდგომაზე დაამარცხებს და კოალიციურ მთავრობას შექმნის.
ოპონენტებს "ქართულ ოცნებაშიც" ბრალდებით უპასუხეს. მმართველი გუნდის ლიდერები ნიკა მელიას დღესაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში, პარტიას კი რუსული სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ.
თუმცა იმასაც აღიარებდნენ, რომ გავრილოვის ღამე მათი პოლიტიკური შეცდომა იყო, მაგრამ არა დანაშაული.
მწვავე კამათის ფონზე პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონის შესახებ მსჯელობაც მიმდინარეობდა. "ნაციონალურის მოძრაობის" დეპუტატებმა მმართველი გუნდის წევრებს დღეს არაერთხელ უთხრეს, რომ ამნისტიის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდნენ. დღის ბოლოს კი საკითხს პარლამენტმა კენჭი უყარა და მმართველი გუნდის პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.
"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება 19-20-21 ივნისის ყველა ფიგურანტზე, ვისაც ამის სურვილი ექნება. ამნისტია არ ვრცელდება კონვენციით დაცულ მუხლებზე.