პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპრეოქტის მეორე მოსმენით კენჭისყრა დღეს შედგება. პროცესი გუშინ იგეგებოდა, თუმცა დროის დეფიციტის გამო გადაიდო.
უმრავლესობა საკუთარი დოკუმენტის დადებით მხარეებზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და მის მიზნად მომავალში პოლიტიკური საბოტაჟის თავიდან აცილებას ასახელებს.
"ის სულისკვეთება, რომ თვითონ პარლამენტი და პარტია, რომელიც ამომრჩევლის მიერ იქნა პარლამენტში არჩეული, მას უნდა ჰქონდეს თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული და ეს საკანონმდებლო დონეზეც უნდა იყოს განმტკიცებული, რომ პარლამენტში არშესვლა, საბოტაჟი და ასეთი ფაქტები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით პარტიის, პარლამენტის და ჩვენი მოქალაქეების ნებას. ის შენიშვნები და ის რეკომენდაციები, რაც ვენეციის კომისიიდან იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული," – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას დასჯის ერთ-ერთ საშუალებად აღიქვამს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ კანონპროექტის ინიცირების პერიოდში, საკითხს საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვა და პირდაპირი მოთხოვნაც იყო, რომ კანონის მიღებაზე უარი ეთქვათ.
დოკუმენტის მიხედვით პარტია, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, დაფინანსებით და სხვა პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს. ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას დასჯის ერთ-ერთ საშუალებად აღიქვამს.
"ჯერ კიდევ ინიცირების პერიოდში მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მკაცრი რეაგირება და პირდაპირ მოთხოვნები იყო, რომ უარი ეთქვათ ამ კანონის მიღებაზე, "ქართული ოცნება" მაინც ჯიუტად ცდილობს, რომ ბოლომდე გაიტანოს ეს კანონი, რაც პირდაპირ ემსახურება იმას, რომ ყველანაირად ჩაახშონ ოპოზიციური ხმა ქვეყანაში და მაქსიმალურად შეასუსტონ ოპოზიციური პარტიები," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
დამტკიცების შემთხვევაში კანონპრეოქტი მომავალი წლის თებერვლიდან შევა ძალაში.