31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელდება. საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ დასვა.
კომისიის წევრების ინფორმაციით, 20 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შედეგად, მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, რასაც შესაძლოა არჩევნებზე გავლენა მოეხდინა არ დაფიქსირებულა.
მათივე თქმით, გამოვლინდა მხოლოდ გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც კომისია კონკრეტული საარჩევნო უბნების წარმომადგენლებს მოიწვევს.
"მომდევნო სხდომაზე ჩვენ ვიწყებთ უკვე კონკრეტული პირების და უბნის მიხედვით გამოკითხვის ჩატარებას, რომელიც ასევე იქნება ღია, გამჭვირვალე პროცესი, ჩვენთვის მთავარი არის, რომ ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი, არ დარჩეს არც ერთი კითხვა უპასუხოდ და აქედან გამომდინარე ჩვენ ბუნებრივია, რომ ამ პროცესში გვჭირდება ვადის გადაწევა, რომ ეფექტურად განახორციელოს კომისიამ საქმიანობა," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.