17 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
ბაიდენმა NATO-ს საქართველოსთვის მაპის უზრუნველყოფისკენ უნდა მოუწოდოს - სენატორი რობ პორტმენი

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ NATO-ს საქართველოსთვის მაპის უზრუნველყოფისკენ უნდა მოუწოდოს - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმენი The Wall Street Journal-ის საავტორო სვეტში წერს.

სენატორი პუბლიკაციაში ბაიდენი-პუტინის სამომავლო შეხვედრისა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიზიტს მიმოიხილავს. პორტმენის თქმით, ის პირადად გახდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციისა და ბორდერიზაციის მოწმე.

"საქართველო რეგიონში შტატების ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დადებული პირობის შესრულებას.

ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე დაყენება მათ რუსეთის აგრესიისგან დაცვაში დაეხმარება,"- წერს სენატორი.

რობ პორტმენი ერთ-ერთ ამერიკულ მედიასთან საუბრისას კი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში, უკრაინასა და ლიეტუვაში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალებით, დეზინფორმაციითა თუ კიბერ-თავდასხმებით ზეწოლის საკითხებს ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს წამოწევს.

დღის ამბები