ამ წუთებში პარლამენტის პლენარული სხდომა იწყება. სავარაუდოდ სხდომათა დარბაზში დღესაც მწვავე დაპირისპირება იქნება.
კანონპროექტი პარტიათა დაფინანსების შესახებ დეპუტატებს შორის უთანხმოების მორიგი მიზეზია. დოკუმენტის მიხედვით პარტია, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, დაფინანსებით და სხვა პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებს.
ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას დასჯის ერთ-ერთ საშუალებად აღიქვამს.
"პარტიის დაფინანსების ახალი ცვლილებები არის სადამსჯელო ღონისძიება პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური ძალებისათვის და პირველ რიგში, "ლეიბორისტული პარტიისათვის". ეს კანონპროექტი არ შეესაბამება მიშელის სულისკვეთებას. მთელი ოპოზიცია ვალდებული ვართ, რომ ხმა ავიმაღლოთ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ და არ მივცეთ საშუალება "ქართულ ოცნებას" რომ ეს კანონი ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღოს, მით უფრო ვენეციის კომისია წინააღმდეგი გამოდის ამ კანონპროექტის," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კანონპროექტი ხელს შეუშლის შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციას.
"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია რაც შეიძლება მეტად გვასაუბრონ საკუთარ დაფინანსებაზე, რომ ამით თავიანთ ამომრჩეველს უთხრან რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. არადა აქ პრინციპის საკითხია. და ახლა მიშელის შეთანხმების იმპლემეტაციის პროცესში ასეთი თემის ხელახლა წამოწევა არის არასწორი, დესტრუქციისკენ მიმავალი ნაბიჯი," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის მიზნად მომავალში პოლიტიკური საბოტაჟის პრევენციას ასახელებს.
"კანონპროექტი მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თანხას იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან და თუ ისინი არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს, ანუ, არ არიან საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი და შეგნებულად იწყებენ საბოტაჟს და არა ბოიკოტს, ამ შემთხვევაში უნდა დაისვას მათი დაფინანსების საკითხი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ვენეციის კომისიას პრინციპული წინააღმდეგობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს და ის, რომ კანონპროექტი უსამართლოა, ასეთი ტიპის ჩანაწერი დასკვნაში არ არის.
"არ შეიძლება ხალხის ფული მიიღოს იმ პარტიამ, რომელიც არ იყენებს ხალხის მანდატს საქართველოს პარლამენტში. გამომდინარე აქედან დღეს პოლიტიკური სიტუაცია პრინციპში შეცვლილია და იყენებენ პოლიტიკური პარტიები მანდატს, ამიტომ ჩვენ ეს თარიღი 2022 წლის თებერვალში გადავწიეთ," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.