იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტი განმარტა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტის მიზნობრივი დანიშნულებაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბოტაჟი არ ფინანსდებოდეს. ამასთან, მისი განცხადებით, პარტია 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი პარტიის წევრთა ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.
"ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია მოახდინოს პრევენცია, როდესაც დემოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებელია საბოტაჟი განხორციელდეს, იმის გამო, რომ არ მოეწონა რომელიღაცა პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო შედეგი. ამ შემთხვევაში ირთვება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმი, ხოლო, თუ პლენარული სხდომების ნახევარს მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს, აქ ხდება 6 თვის ფარგლებში, დაფინანსების არა შეწყვეტა, არამედ შეჩერება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.