17 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
რას ითვალისწინებს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და რა შინაარსობრივი შენიშვნები აქვს ოპოზიციას

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და რიგ პრივილეგიებს კარგავს.

კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცნობს.

პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შესავალ ცვლილებებს ოპოზიციის წევრები არ ეთანხმებიან. აღსანიშნავია, რომ დღეს შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ოპოზიციამ რეგლამენტიც გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც ინიციატორი, მათი შეფასებით, საჭიროზე მეტ ხანს იდგა ტრიბუნასთან.

"ბატონი კობახიძე 2008 წელს თავისი ავტორობით შექმნილ წიგნში - "პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალში" წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე, მის მიერ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, როდის იყავით გულწრფელები ახლა თუ მაშინ? - ამ კითხვით ენმ-ის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ანრი ოხანაშვილს მიმართა.

​"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ კი მოითხოვა მომხსენებელს განემარტა, რას ნიშნავს პოლიტიკური საბოტაჟის პრევენცია. "საბოტაჟის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც არის, ეს პოლიტიკური საბოტაჟი რამე ახალი ცნებაა, სად არის განმარტებული რას ნიშნავს," - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე კი, საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს შეაჩერონ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მას არაადეკვატურად მოიხსენიებს.

"გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი თავის მხრივ, პარლამენტს ურჩევს დაიწყოს მუშაობა, თუ როგორ უნდა გაუქმდეს საერთოდ საბიუჯეტო დაფინანსება.

ოპოზიციის წევრებს პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მამუკა მდინარაძის თქმით, მას შემდეგ რაც პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში შევა, მას ეს დათქმა ბუნებრივია არ შეეხება.

მომხსენებლის ანრი ოხანაშვილის თქმით კი, პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, ლეგიტიმურია, რომ დაფინანსება შეუწყდეს.

დღის ამბები