10 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა სესილ კუპრიმ ხელი მოაწერეს პარტნიორობის შეთანხმებას 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის შესახებ, საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის თანდასწრებით.
ამ ახალი პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) გეგმავს დაახლოებით 483 მილიონი ევროს მობილიზებას სესხების, ტექნიკური დახმარებისა და გრანტების სახით 2024 წლისთვის.
დაგეგმილი ინვესტიცია მიმართულია ოთხ მთავარ სექტორზე, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან და ევროპის გუნდის (Team Europe) ინიციატივებთან შესაბამისად:
• წყლის რესურსების მართვა, ირიგაცია, სოფლის მეურნეობა
• ურბანული განვითარება და სატრანსპორტო კავშირები
• ენერგეტიკა
• სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა
"ეს შეთანხმება არის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფის საქართველოსადმი ერთგულების მანიშნებელი ძლიერი სიგნალი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად. ის გამოხატავს ჩვენს სურვილს, შევქმნათ სანდო და გრძელვადიანი პარტნიორობა ქვეყანაში სამართლიანი და სტაბილური განვითარების მხარდასაჭერად," - განაცხადა AFD– ის ევრაზიის რეგიონალურმა დირექტორმა სესილ კუპრიმ.
პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა თბილისში, პირველი ორმხრივი ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ, რომელიც გაიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და სესილ კუპრის თავმჯდომარეობით.
კონსულტაციებმა მხარეებს საშუალება მისცა, ერთად გაცნობოდნენ მიმდინარე თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ პროგრესს, დეტალურად განეხილათ სამოქმედო გეგმა და 2021-2023 წლების მომავალი პროექტები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და AFD– ის ძირითადი ტექნიკური პარტნიორების თანდასწრებით.
სესიის გახსნისას, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აზიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის დირექტორმა რემი ჟენევიმ, წარმოადგინა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მომდევნო წლების სტრატეგია და კლიმატის ცვლილებებზე მდგრადი განვითარების რეაგირების მხარდაჭერის ვალდებულება სამართლიანი და ინკლუზიური გადასვლის, ურბანული მდგრადობის, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ენერგეტიკული ზრდისა და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელების გზით.
ყოველწლიურ კონსულტაციებთან დაკავშირებით, სესილ კუპრიმ შეაჯამა სამდღიანი მისია საქართველოში, სადაც ის შეხვდა AFD ჯგუფის ამჟამინდელ პარტნიორებსა და კოლეგებს, დონორ სააგენტოებს, შესაბამის სამინისტროებსა და საფრანგეთისა და ევროპის დელეგაციების წარმომადგენლებს საქართველოში.
"კოვიდის კრიზისის დროს, საერთაშორისო დონორებმა, მათ შორის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და ევროპის გუნდმა (Team Europe) აღუთქვეს მხარდაჭერა საქართველოს და მნიშვნელოვანი და სწრაფი დახმარება გაუწიეს მას ენერგეტიკისა და ჯანმრთელობის სფეროში 2020 წელს. ახლა დროა გავაგრძელოთ შენება, რეფორმის კონსოლიდირება და გააქტიურება, ასევე განვახორციელოთ ინვესტიცია საქართველოში სამართლიანი, დინამიური, მდგრადი განვითარებისათვის. სამწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთი მხრივ საფრანგეთისა და AFD -ს მხრიდან და მეორე მხრივ საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, წელიწადში 150 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებით, საფრანგეთი, როგორც გუნდი ევროპა, ადასტურებს ჩვენს სურვილს ვიყოთ ძლიერი პარტნიორები საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ევროპა და საქართველო დაახლოვდნენ, რათა მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდნენ საქართველოში, შეიქმნას დინამიური ბიზნეს გარემო და თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა ყველა სფეროში,"- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საფრანგეთის მხარდაჭერის მნისვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს:
"ძალიან ვაფასებ საფრანგეთის მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ახალი სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ფარგლებში, 2021-დან 2023 წლამდე პერიოდში, საქართველო მიიღებს დაახლოებით 483 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად და შესაბამისი ინვესტიციების დაფინანსების მიზნით. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო საფრანგეთის მთავრობას და ფრანგ ხალხს თანამშრომლობისათვის," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.