5 საათიანი განხილვა პარლამენტში და სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის - აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია, რომელზეც კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ.
მუხლობრივი განხილვა დასრულებულია, შესვენების შემდეგ კი, კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
"პოლიტიკური სადამსჯელო საქმიანობა, ეს არის ის სულისკვეთება, რომლითაც თქვენ უბრალოდ ცხოვრობთ, რადგან სხვანაირად არ შეგიძლიათ. დღეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეპრესიულ ზომებს იღებთ და გვიმტკიცებთ, რომ ეს ქართულ დემოკრატიას სჭირდება. თუ გვინდა დემოკრატია, მაშინ რა საჭიროა დამატებითი შეზღუდვების დაწესება პარტიების დაფინანსებისთვის,"- აცხადეს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ კი, პარლამენტის ტრიბუნიდან მმართველი გუნდის წევრებს მიმართა და უთხრა, რომ დაფინანსების შეწყვეტით, ისინი პოლიტიკურ პარტიებს სჯიან.
პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი აკაკი მინაშვილი კი, თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონის მიღებით დიდი შეცდომა დაუშვა, რასაც დღეს, "ქართული ოცნება" კვლავ იმეორებს და შეცდომეს აღრმავებს.
"ნაციონალურ მოძრაობას", დიახ, შეცდომა მოუვიდა, როდესაც ეს კანონი მიიღო და გადაწყვიტა დაფინანსება შეეწყვიტა იმ პარტიებისათვის, რომლებმაც მანდატები დახიეს. ეს კანონი "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე თვეში შეცვალა. ეს შეცდომა იყო ის, რის გამოც 2012 წელს არჩევნები წააგო. სამწუხაროდ, ახლა თქვენც იმავე გზაზე დგახართ, რადგანაც თქვენ აღრმავებთ ამ შეცდომებს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი აკაკი მინაშვილი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს კანონი დღეს, არავის დისკრედიტაციასა და დისკრიმინაციას არ გამოიწვევს.
"ეს კანონი დღეს, არავის დისკრედიტაციასა და დისკრიმინაციას არ გამოიწვევს, მაგრამ მომავალში, ვინც საბოტაჟს მოინდომებს, სწორედ იმას შეეხება ეს კანონი,"- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა და განმარტა, თუ რას ნიშნავს ბოიკოტი პარტიებისთვის და ეხება თუ არა, პარტიების დაფინანსების შეწყვეტა დღეს იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ.
"როდესაც საარჩევნო კოდექსი შევცვალეთ, მაგას დაუჭირეთ მხარი? ჭკუას რომ გვარიგებთ აქ პარტიებს რატომ არ აძლიერებთო. ეს ინიციატივა არ ეხება ბოიკოტის აკრძალვას, ბოიკოტი მოითხოვს ჯერ პარლამენტში შემოხვიდეთ და შემდეგ გადადით ბოიკოტში. თუ არ იცით, ეგ "ევროპულ საქართველოს" ჰკითხეთ, რადგან ბოიკოტი მათ ნამდვილად იციან,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.