ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული აუდიენციის შემდეგ, რომელიც კოლეგებს შორის 1 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, გიტანას ნაუ-სედამ და სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
"მივიღეთ დაპირება, რომ ვაქიცნების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება. ვისაუბრეთ, რომ უნდა გაფართოვდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენი საზღვრები ვაქცინირებული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც pcr ტესტი ექნება ჩატარებული ღიაა,"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე.
"შეხვედრის დროს განვიხილეთ ბრძოლა პანდემიასთან. ლიეტუვა მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც მან დააგროვა ევროკავშირის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე. საქართველო მზად არის 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ეს არის ამბიციური. თუმცა ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის დიდი დემონსტრაცია თქვენი გამბედაობის,"- აღნიშნა ნაუსედამ.