პოსტპანდემიური გამოწვევები, ლარის კურსი, ბიუჯეტის შესრულება - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ თემების, რომელზეც დეპუტატები ფინანსთა მინისტრს კითხვებს დაუსვამენ. ლაშა ხუციშვილს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ელოდებიან. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი იქნება პირველი, რომლის მოსმენასაც ოპოზიცია სრული შემადგენლობით დაესწრება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, მისი შეკითხვა შეეხება იმას, თუ რატომ გაიფლანგა ფული და არ მოხდა მისი მიმართვა მძიმე სოციალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად
"ბიუროკრატია იზრდება, კორუფციული ხარჯები იზრდება, ერთადერთი რაც შემცირდა, ეს არის წარმომადგენლობითი და მივლინებითი ხარჯები, იქით ვერ მიფრინავდნენ, აქეთ ვერ მოფრინავდნენ და მექანიკურად 100 მილიონი დაიზოგა," - აცხადებს რომან გოცირიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აპირებს ფინანსთა უწყების ხელმძღვანელს შეკითხვები გაზრდილ საგარეო ვალთან და გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკაშირებით დაუსვას.
ფინანსთა მინისტრთან კითხვები აქვთ უმრავლესობის წევრებსაც, დავით სერგეენკოს შეკითხვა ჯანდაცვისა და სოციალური ბიუჯეტის ხარჯვის დინამიკას და ახალი დახმარებების განაწილებას შეეხება.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის გართულება და ფინანსური ტვირთის გაზრდა მოსალოდნელი იყო. ამიტომ მათ ფინანსთა მინისტრთან სწორედ გამოსავლის ძებნაზე ექნებათ შეკითხვები. ამასთან ირაკლი ქადაგიშვილი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას სისტემურ კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით და ამას ოპონენტების მხრიდან მოგონილ ტყუილს უწოდებს.