კახეთში გაუპატიურების საქმეს სასამართლო ისევ განიხილავს. საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 16 წლის მოზარდზე, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას ედავებიან.
პირველმა ინსტანციამ მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 9 ივნისს 16 წლის ბიჭი დააპატიმრეს.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი არ ეთანხმება. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები და ექსპერტიზის პასუხი არ დევს, ამიტომ მოზარდის დაკავება მისი შეფასებით, უსამართლოა.
"საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, არანაირი ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დადასტურდებოდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ის დანაშაული, რასაც მას ედავებიან, ხოლო აპელაციის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა იმ მიზნით, რომ მოხდეს ექსპერტიზით იმის დადგენა, თუ რამდენად მყარია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა," - განაცხადა ეჭვმიტანილის ადვოკატმა ლალი ჩაველაშვილმა.