17 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვის განახლებას პოლიტიკურ სპექტრში დადებითად აფასებენ

სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვის განახლებას პოლიტიკურ სპექტრში პოზიტიურად აფასებენ. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დრო დაკარგა და შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა რუსეთის წინააღმდეგ საქმეს უფრო ადრეც უნდა მისცემოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლის ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა რუსეთი ცნობილი იქნას საერთაშორისო სამართლის და დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის დამრღვევად:

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველომ და ყველამ ჩვენ ვიმუშაოთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო სამართლის ბერკეტი, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა იყოს ნამდვილად ცნობილი ქვეყნის სუვერენიტეტის დამრღვევ ქვეყანად," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ სარჩელის შეტანას ოპოზიციის აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამის გაკეთება გაცილებით ადრეც შეეძლო:

"ეს კონკრეტული სარჩელი შეტანილი იქნა მხოლოდ  მას შემდეგ რაც ოპოზიციამ დააინიცირა პარლამენტში ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუცია. მანამდე ძალიან ბევრი დრო დაიკარგა როდესაც იყო შესაძლებელი რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა რუსეთის წინააღმდეგ საქმეს,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს "ლელოს" ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს:

"როგორც სახელმწიფომ ძალიან აქტიურად უნდა დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ და რა თქმა უნდა სტრასბურგის სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი მაქვს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წინა სარჩელის მსგავსად ამ სამართლებრივ ბრძოლაშიც გამარჯვებული იქნება:

"მთელი რიგი უფლებებია, რომელსაც რუსეთი არღვევს და ამ დარღვევების წინააღმდეგ საქართველომ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წინა სარჩელი მოვიგეთ, დიდი იმედი გვაქვს რომ ამ სარჩელის შემთხვევაშიც საქართველო გამარჯვებული გამოვა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სამართლებრივ წარმატებებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურებად თვლის მმართველი პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი:

""ქართული ოცნების" ხელისუფლება სწორედ ის ხელისუფლებაა, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მოიყვანა მწყობრში და სწორედ მიიყვანა წარმატებამდე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დარწმუნებული ვარ რომ სხვა საერთაშორისო დავებიც ასეთივე წარმატებით დასრულდება," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, რომ  ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დადგინდეს. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება,  წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება საკუთრების უფლება, განათლების უფლება  და მიმოსვლის თავისუფლება.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები  განსაკუთრებით  2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს  2018  წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.

აღნიშნულ საჩივარზე წარმოება დროებით "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" საქმეზე (ე.წ. "ომის საქმე") გადაწყვეტილების მიღებამდე იყო შეჩერებული.

დღის ამბები