პარლამენტის პლენარული სხდომა სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვით და კამათის ფონზე განახლდა.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გუშინ დაიწყო და დღეს გაგრძელდა. ინიციატივის თანახმად, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ჩატარებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია გასული წლის 18 აგვისტომდე.
თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და ჯარიმები ჩამოიწერება. სიახლეა ისიც, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთას, ორ-წლამდე ვადით.
თბილისის სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს კორუფციულს და ქალაქის მკვლელს უწოდებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
"8 წელია "ქართული ოცნება" და გული რომ არ დაგწყდეთ, კიდევ ის 9 წელი, როცა თბილისის არტერიები და ძარღვი ინგრეოდა, ვინ გააჩერა და ვის ეყო პოლიტიკური ნება, ზედამხედველობის სამსახურის ან პოლიტიკური გადაწყვეტილებით ეს ყველაფერი შეეჩერებინა. თბილისის მოქალაქეებს არ ეუბნებით ვინ დაურღვია ამ ქალაქს სტრუქტურა, ვინ იძალადა ქალაქზე, ადამიანზე. ეს არის ძალადობა," - მიმართა მამუკა ხაზარაძემ კანონპროექტის ინიციატორებს.
მამუკა ხაზარაძის კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს მმართველ პარტიაში. ირაკლი ზარქუას თქმით, მან პარლამენტში შემოსვლისას გაიგო ვინ რას წარმოადგენდა სინამდვილეში და მათ შორისაა მამუკა ხაზარაძეც. მისი განცხადებით, თავად მამუკა ხაზარაძე იყო ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის რეკრეაციული ზონების თუ სხვა სახის დარღვევებს ითხოვდა და ხელს უწყობდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სულისკვეთება კარგია, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კანონპროექტის მიღმა კონკრეტული დეველოპერების და კომპანიების ინტერესი იმალება. ამიტომ დეპუტატი ამ სამშენებლო ამნისტიით მოსარგებლე კომპანიებზე უფრო დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, რომელმაც პარლამენტს სამშენებლო ამნისტიის პროექტი წარუდგინა, დარღვევებისთვის დეველოპერები უკვე დაჯარიმებულები არიან, ამნისტიის მიზანი კი ისაა, რომ შენობები ექსპლუატაციაში იყოს მიღებული და მოსახლეობას ეშველოს:
"ამ ყველა ნაგებობის უკან დეველოპერის სახელია, ვინც პანდუსი დაარღვია, ვინც ფასადი დაარღვია, პარკინგი არ გააკეთა. ყველა დაჯარიმებულია მაგრამ ექსპლუატაციაში ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ უნდა დაინგრეს, დავანგრიოთ? არის იმის დრო რომ ერთჯერადი ჰუმანური აქტით ნაპატიები იყოს, იმიტომ რომ მოსახლეობას ეშველოს," - განაცხადა მაია ბითაძემ.