17 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია ჩააგდო, მუშაობა "ქართული ოცნების" კანონპროექტზე გაგრძელდება

"ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია პარლამენტმა ჩააგდო - დოკუმენტს კენჭი დღეს უყარეს, ოპოზიციის ვერსიას მხარი მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61 წინააღმდეგ წავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობა "ქართული ოცნების" კანონპროექტზე გაგრძელდება, რომელიც ორი მოსმენით უკვე განხილული და მიღებულია.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია არ აპირებს არსებულ მართლმსაჯულებას რაიმე სახით დაეთანხმოს.

"ნიკას პოზიცია არის ის, რომ ამნისტიასთან მიმართებაში აქვს სერიოზული შეშფოთება. ნიკა არ აპირებს რაიმე სახით ამ მართლმსაჯულებას და ამ ჩანაწერს და ამ დათქმას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაიტანა სწორედ ნიკას გამო, რაიმე სახით დაეთანხმოს. მე მაწუხებს როგორც ნიკაზე ჩაწერილი დათქმა, ასევე 333-ე მუხლი, რომელიც პროცესუალურად შესაძლებელია მიუდგეს ბლანკეტურად ძალიან ბევრს ადამიანს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ლელო" ამნისტიის კანონპროექტის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

"ქართული ოცნება", როგორც ჩანს, არ აპირებს შეიტანოს ცვლილებები მის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის კანონპროექტზე. ჩვენ მივცემთ წინააღმდეგ ხმას. რაც შეეხება იმას თუ რომელი კანონპროექტი ასახავს უფრო სწორად შარლ მიშელის შეთანხმებას, ის კანონპროექტი, რომელიც დაარეგისტრირა ოპოზიციამ, არის სრულ შესაბამისობაში შეთანხმებასთან და იმ წინადადებასთან, რომელიც იქნა მოდერატორების მხრიდან შემოთავაზებული," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის წევრის, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, პარტია ამნისტიის შეუჯერებელ ვერსიას მხარს არ დაუჭერს.

"შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებდა ყველა პოლიტიკური მხარის მიერ შეჯერებულ ამნისტიის ვერსიის წარმოდგენას და მის მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რასაც ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ და საპირისპირო მხარეს ვხედავთ რამდენიმე დოკუმენტს, რომელსაც სხვადასხვა პარტიები გვთავაზობენ. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ პირველ რიგში შეუჯერებელ ვერსიას, რომელზეც პოლიტიკური სპექტრი ვერ შეთანხმდება, რაც იყო შარლ მიშელის სულისკვეთება პირველ რიგში და მეორე, ასევე ჩვენ მოვითხოვთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს ამნისტია," - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

დღის ამბები