სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს პრემიერს მადლობას უხდის. მისი თქმით, - "ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებული სომხეთის 15 მოქალაქის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ორი დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შევხვდი, რომლის თქმით, ენტონი ბლინკენის მითითებით, მას ჰქონდა დავალება, მომდევნო დღეებში მიეღწია გარღვევისთვის ტყვეებთან დაკავშირებით. ჩვენ, თუ მზად ვიქნებოდით თანამშრომლობისთვის, ისინი საკითხში ჩასართავად მზად იყვნენ. მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავით.
შესაბამისად, დღეს განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირელი პარტნიორების წყალობით, 15 დატყვევებული სომხეთში ბრუნდება. ისინი საქართველოში აზერბაიჯანიდან "წითელი ხიდის" გავლით შევიდნენ, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე უკვე "ბაგრატაშენის" საკონტროლო-გამშვები პუნქტით შემოვიდნენ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რუკებს ტყვეებში არ ვცვლით, მაგრამ ჩვენ ნაბიჯს, ნაბიჯითვე ვუპასუხეთ," - განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, დღეს, ქართული მხარის ფასილიტაციით, აზერბაიჯანის მიერ, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა.