საქართველო იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა NATO-ს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ.
ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ დოკუმენტში ასახული იქნება საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.
"მიუხედავად იმისა, რომ სამიტი განსხვავებული ფორმატით ტარდება და ეს არ არის სრულმასშტაბიანი სამიტი, არამედ არის ხანმოკლე სამიტი, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი სამიტია 2022 წლის დიდი სამიტის, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება, ის არის შეტანილი დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები, რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან დაკავშირებით და ოკუპაციიდან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იქნება ასევე ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან აქტიურად ასახული," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.