საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხი ტყვეების გათავისუფლების თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება საქართველოს აქტიური ჩართულობის შედეგად მიიღო.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ორივე ქვეყნის ლიდერთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო კავშირი ჰქონდა, რომელიც კონკრეტული შედეგით დასრულდა.
"ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ ერთი თვის წინ დაახლოებით, როცა მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერებთან - პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და ჩვენ უკვე გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლაც უპრეცედენტოა, საქართველომ ფასილიტაციის თუ ხელშეწყობის როლი იკისრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მათი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს იყვნენ დაკავებულები და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის გადაცემული ძალიან მნიშვნელოვანი მასა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აზერბაიჯანისთვის.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანას. ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ. მე პირადად ვიყავი ჩართული 24 საათიან რეჟიმში, ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა საუბრები სატელეფონო, მანამდე შეხვედრები და რა თქმა უნდა, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიყავით მჭიდრო კოორდინაციაში და ეს პროცესი დასრულდა კონკრეტული შედეგით.
ჩვენ, ასევე მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ ამ პროცესში საქართველომ შეასრულოს ისევ მედიატორის როლი, ჩვენ სრული მზადყოფნა დავუფიქსირეთ, მე პირადად ორივე ქვეყნის ლიდერს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება საერო მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.