ომბუდსმენი საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან გაძევებული სტუდენტების დასახმარებლად კამპანიას იწყებს - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია P.S.-ის ეთერში ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები მას ძალადობის ფაქტების შესახებ სხვადასხვა ისტორიებს უყვებიან. მისივე თქმით, ბენეფიციარები, რომლებმაც პანსიონში არსებულ ვითარებაზე გამოძიებას ჩვენება მისცეს, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უნივერსიტეტიდან გამოაძევეს.
ნინო ლომჯარია იმედოვნებს რომ სახალხო დამცველის მიერ წამოწყებულ კამპანიაში საზოგადოებაც ჩაერთვება.
"ამჟამად მიმდინარეობს ძალიან დიდი ზეწოლა იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც მისცეს ჩვენებები გამოძიებას მათ მიმართ და მათი მეგობრების მიმართ განხორციელებული ძალიან სასტიკი მოპყრობის ფაქტების თაობაზე. რამდენიმე ბავშვი გამოაძევეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უნივერსიტეტიდან და მე მინდა საპატრიარქოს მივმართო, რომ ამ ახალგაზრდებს არა აქვთ წასასვლელი. სახალხო დამცველი შსს-სთან ცდილობს, რომ ზოგი სასტუმროში წავიყვანეთ, ზოგისთვის თავშესაფარს ვეძებთ და ა.შ.
ეს არის ახალი მოვლენები, ორ ბავშვს იძულებით დაატოვებინეს, ორმა ახალგაზრდამ დატოვა იმიტომ, რომ მხარს უჭერდნენ ამ ახალგაზრდებს და მათ არ ჰყავთ ოჯახები, არა აქვთ სახლი, არა აქვთ შემოსავალი. ალბათ ჩვენ გარკვეულ კამპანიასაც დავიწყებთ, რომ ამ ბავშვებს რაღაც მუდმივი სტაბილური საცხოვრებელი, თავშესაფარი და ჭერი ჰქონდეთ და იმედია, საზოგადოებაც ჩაერთვება ამაში," - განაცხადა "პოსტსკრიპტუმში" ნინო ლომჯარიამ.