პარლამენტის დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა რთულდება - ინიციატივა შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, ავტორი "ქართული ოცნებაა".
რეგლამენტში ცვლილებების პროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ. სიახლის თანახმად, თუ აქამდე იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობა საკმარისი იყო, ახლა საჭირო სულ მცირე 90 დეპუტატის ხმაა.
პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის მიღწევაა რეგლამენტში ცვლილების შეტანა.
"უმრავლესობა პარტყა-პურტყით ვერ მოუხსნის ოპოზიციონერებს იმუნიტეტს ეს არის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. რეგლამენტში ცვლილებების შეტანა არის შარლ მიშელის დოკუმენტის მიღწევა,"- აღნიშნა ვაშაძემ.
პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტში ცვლილებები სასარგებლო და დროულია.
"დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა არ უნდა იყოს იოლი და ხელწამოსაკრავი ამაბვი. ცვლილებები არის ძალიან კარგი მსოფლიოში იმუნიტეტი მოიფიქრეს ოპოზიციისთვის, რომ ისინი დაცულები ყოფილიყვნენ,"-აღნიშნა ელისაშვილმა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ 90 დეპუტატის ხმის მოპოვება იქნება ძალიან რთული. მმართველ გუნდში ოპოზიციონერებს მოუწოდებენ, რომ სამუშაო რეჟიმს შეუერთდნენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში, მისი თქმით ოპოზიციონერები ამ ეტაპზე პოპულიზმით არიან დაკავებულები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის რეალური ამოცანა არის პარტიული მიზნების დაკმაყოფილება და არა სახელმწიფო ინტერესი.
"ოპოზიცია ცდილობს პარტიული მიზნების დაკმაყოფილებას, სახელმწიფო ინტერესებს არ ითვალისწინებს. ეს არის არსებითი სხვაობა რომელიც გააჩნია, ოცნებას და რადიკალურ ოპოზიციას. "ქართული ოცნება" კი ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,"- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.