საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს 2030 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, რომელსაც ბრიუსელის სამიტზე დღეს მიიღებენ, საქართველოს შესახებ ჩანაწერი იქნება.
"დღესვე მიღებული იქნება ცალკე დოკუმენტი. ეს გახლავთ 2030 სტრატეგია. ეს დოკუმენტი არ არის საჯარო. დიდი ალბათობით, არ იქნება საჯაროდ გამოქვეყნებული, მაგრამ ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან მიმართებით არსებული დეფინიციები ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ასევე იქნება წარმოდგენილი ამ დოკუმენტში. ბუნებრივია, შემდგომ გაგრძელდება ამ დოკუმენტის განხილვა, რათა NATO-ს 2022 წლის სამიტზეც ასახული იყოს პროგრესი 2030 წლის კონცეფციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი, არის ხანმოკლე, სულ რამდენიმე საათს გაგრძელდება, საქართველოს თემატიკა იქნება აქტიურად განხილული ცალკე დღის წესრიგშიც და ამავე დროს დეკლარაციაში იქნება ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ინტეგრაციასთან დაკავშირებით," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.