17 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მთავრობა 1 იანვრამდე შეზღუდვების დაწესების უფლების გახანგრძლივებას მოითხოვს, რასაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა

მთავრობა პარლამენტის ნებართვის გარეშე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების უფლების გახანგრძლივებას ითხოვს.

ვადა ისევ იწურება - ამჯერად ხელისუფლებას აღნიშნული უფლების შენარჩუნება პირველ იანვრამდე სურს. ოპოზიციისთვის ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია რადგან პარლამენტშია, მწვავე დისკუსია იქნება.

"ოპოზიცია პარლამენტშია, დარწმუნებული ვარ, ამ გადადებასთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია იქნება. ხელისუფლება ვერ შეძლებს, სრული უფლებამოსილება მიანიჭოს მთავრობას,"- აღნიშნა სამნიძემ.

​პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების გახანგრძლივების მოთხოვნა არაკონსტიტუციურია.

"ეს არის ამორალური და არაკონსტიტუციური. ასეთი უფლებამოსილების გადაცემის შედეგად მივიღეთ უამრავი პრობლემა. თუ ჩემი კოლეგები ამას მხარს დაუჭერენ, ბარემ სრული უფლებამოსილება მივცეთ მთავრობას,"-აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პანდემია ოპერატიულ ქმედებებს საჭიროებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პანდემია სწორად და ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობას ოპერატიული რეაგირებები ექნება. პანდემია მიმდინარე პროცესია, რომელიც საჭიროებს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებებს. ზოგჯერ საჭიროა, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე საათშიც კი იყოს მისაღები,"- აღნიშნა სერგეენკომ.

დღის ამბები