დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა საქართველოში რთულდება - ნაცვლად 76 ხმისა, საჭირო იქნება, მინიმუმ, 90 მომხრე, რომ პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება შეჩერდეს.
რეგლამენტში ჩასწორებისთვის დეპუტატები დაჩქარებული წესით მსჯელობას იწყებენ. თუკი მომავალში დღის წესრიგში დადგება დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ან მისი პირადი, საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის ჩხრეკა, ამის უფლებას სამართალდამცავებს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ვეღარ მისცემს. გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილება იმ იშვიათ კანონპროექტებს შორისაა, რომელზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მეტ-ნაკლებად თანხმდება. საპარლამენტო პოლიტიკური ძალებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირდება შესაძლებლობა - დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ბრძოლის და პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი აღმოჩნდეს.
ცვლილებები, რომელზეც პარლამენტი მსჯელობას იწყებს, ევროკავშირის და შტატების მედიაციით მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. ამ შეთანხმებაზე ხელმომწერები არ არიან, თუმცა ის, რომ პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა მკაცრდება, მისაღებია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის, რომლის ლიდერსაც, კოლეგების გადაწყვეტილებით, უფლებამოსილება 2-ჯერ შეუჩერეს.
რეგლამენტის გამკაცრებას კონკრეტული დეპუტატის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯად არ აღიქვამენ მმართველ პარტიაში. სწორედ "ქართული ოცნების" მიერაა მომზადებული ცვლილებები, რომელსაც უახლოეს პერიოდში კენჭს უყრიან. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ პირველ რიგში სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაცია უძღოდა.
რეგლამენტში ცვლილების განხილვას დეპუტატები ორშაბათიდან დაიწყებენ. კვირის დასაწყისში საკომიტეტო მსჯელობის შემდეგ კი, მას პირველი მოსმენით და დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.