კორონავირუსის პანდემიამ ერთ წელზე მეტი ხნით მსოფლიოს უამრავი სფერო სრულად ან ნაწილობრივ გააჩერა.
ამ მხრივ პანდემია განსაკუთრებით მტკივნეულად შეხო ტურიზმს და შესაბამისად ავიაკომპანიებს, რომელთაც ასეულობით რეისის გაუქმება საკმაოდ დიდი ხნით მოუხდათ.
"მფრინავებო, დღეს 23 მარტია, ჩვენ ახლახანს ჩამოვედით მინეაპოლისიდან. ძნელია ჩვენი ფლოტის ყურება აქ, უდაბნოში. თუ თქვენ აქ ხართ, ე.ი. თვითმფრინავი ამ უდაბნოდან უნდა წაიყვანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა," - Delta-ს მფრინავის პანდემიის დასაწყისში დაწერილი ეს წერილი, რომელიც მან კოლეგებს დაუტოვა, სრულიად შემთხვევით, ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს, როცა თვითმფრინავი ანგარიდან თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უნდა გამოეყვანათ და აემუშავებინათ.
საქმე იმაშია, რომ პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის 23 მარტს კაპიტანმა კრის დენისმა Delta 3009 კალიფორნიის უდაბნოში, ვიქტორვილის აეროპორტში გაურკვეველი დროით გააჩერა.
გლობალური ლოქდაუნების ფონზე ავიაკომპანიას ავიაპარკის ნახევარზე მეტის, 600 თვითმფრინავის ანგარში გადანახვა 435 დღით მოუწია.
ერთ-ერთი თვითმფრინავის კაპიტანმა კი აღნიშნული ბარათი კოლეგებს სწორედ იმ შემთხვევისთვის დაუტოვა, როცა მაშინ ჯერ კიდევ გაურკვეველი შიში დაიძლეოდა და პანდემია დამარცხდებოდა.
"ამ სიტყვებმა ის დიდი გაურკვევლობა და ემოცია დაიტიეს, რასაც 2020 წელს ჩვენ ყველანი განვიცდიდით, ხომალდი კვლავ მზად არის ცა დაიპყროს," - დაწერა ავიაკომპანიის სოციალურ ქსელში მეორე მფრინავმა, რომელსაც ერთ წელზე მეტი დროით გაჩერებული თვითმფრინავის "გაცოცხლება" დაავალეს და რომელმაც კაპიტნის ეს ბარათი ბორტზე აღმოაჩინა.