ბრიუსელში NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. უმრავლესობის განცხადებით, მათი პოზიტიური მოლოდინი გამართლდა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩრდილოატლანტიკური მეგობრის მხარდაჭერას გულისხმობს. მათივე განცხადებით, დასავლელი დემოკრატები სწორად აფასებენ ქართული მხარის პოლიტიკურ სვლებს.
"NATO-ს მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალიან მალე გავხდეთ, როგორც ნატოს, ასევე ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში. მათი თქმით, ჩანაწერი კომუნიკეში სიახლე არ არის და უკვე წლებია საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები კეთდება.
"საქართველოში მოუგვარებელია სასამართლო და საარჩევნო სისტემები. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯს დემოკრატიული მიმართულებით, გაიხსნება შესაძლებლობა ნატოში გაწევრიანებისათვის. ეს არის ის მოწოდება, რომელიც ნატოს მიმართ გვესმის,"- აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.
მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული ცვლილებებისკენ, იმისთვის რომ გახდეს ნატოს წევრი.
"გასაგებია, რომ საქართველოსათვის ნატოს კარი ღიაა, მაგრამ მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ეს ღია კარი რეალური გავხადოთ. ამისათვის რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ბრძოლაა საჭირო. საქართველოს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ უფრი მეტი ეყოლება თუ შეასრულებს ყველა იმ საშინაო დავალებას, რომელიც ნატოს წევრობას სჭირდება,"- აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი.