უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში.
"დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს," - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს.
დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს.
"ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ნებას ჭეშმარიტად მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში. ნება მომეცით, მოგიწვიოთ უკრაინაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს,"- აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილში.