NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. უმრავლესობა კმაყოფილია და აცხადებს, რომ მათი პოზიტიური მოლოდინი გამართლდა, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას გულისხმობს.
"საქართველოს თავისი მოკავშირეები უცხადებენ მხარდაჭერას, მათ შორის კონკრეტული ქმედებებითაც. ის თემა, რომ ნატოს კარები ღიაა და როდის შევალთ და გადავლახავთ იმ ბარიერს, იწვევს გარკვეულ სხვა ინტერპრეტაციებს. არის კონკრეტული სტანდარტები, რომლის დონეზეც საქართველო ნებისმიერ ნატოს წევრ ქვეყანას შეეჯიბრება," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ოპოზიცია კი კომუნიკეში სიახლეს ვერ ხედავს და ამბობს, რომ უკვე წლებია საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები კეთდება.
"ჩვენმა მეგობრებმა სწრაფად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის საგზაო რუკის მინიჭებასთან დაკავშირებით, რადგანაც სხვა შემთხვევაში, რუსეთი ყოველთვის შეეცდება შექმნას დამატებითი წინაღობები. მხოლოდ განცხადება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, აღარ არის საკმარისი. ეს პირიქით, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების გაზრდას იწვევს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის ბადრი ჯაფარიძე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო დემოკრატიის დღის წესრიგით წინ წასვლა, რაც ნატოს კომუნიკეშიც აისახა.
"სამიტზე ასევე მკაფიოდ გვითხრეს, რომ მაპის გარეშე საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობდა ამხელა პოლიტიკური კრიზისი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო დემოკრატიის დღის წესრიგით წინ წასვლა, რაც ნატოს კომუნიკეშიც აისახა,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.
სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ 2022 წლის ნატოს სამიტისთვის, საქართველოს სჭირდება რეალურ შედეგი, რისთვისაც მისივე თქმით, საჭიროა ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლილება.
"დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ შემდგარიყო ის პოლიტიკური ნება ნატოს წევრ სახელმწიფოებში, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს ჩანაწერი რომ ჩვენ ნატოს წევრი გავხდებით, არ დარჩეს ჩანაწერად და ჩვენ რეალურად წინ გადავდგათ ნაბიჯი. იქნება ეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპი თუ ამის გარეშე წინ გადადგმული ნაბიჯი. ერთ რამ არის ფაქტი, რომ შემდეგი 2022 წლის ნატოს სამიტისთვის, ჩვენ გვჭირდება რეალურ შედეგი და ვფიქრობ, ამას სჭირდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულად ხელისუფლების შეცვლა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა.