19 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

თბილისში მომხდარი ყაჩაღობისთვის სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი წარსულშიც ნასამართლევია.

გამოძიების ინფორმაციით, ყაჩაღობისას გატაცებულ ოქროს ერთ-ერთი ბრალდებული ქუთაისში ყიდდა.

შემთხვევა 10 ივნისს მოხდა, ბრალდებულებმა საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ასევე დააკავა 1987 წელს დაბადებული კ.გ., რომელმაც ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მოპოვებული ოქროს ნივთები ქალაქ ქუთაისში, ოქროს ნივთებით მოვაჭრე ერთ-ერთ ქალბატონზე გაასაღა. ასევე, იგი საცხოვრებელ ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, გ.მ. და გ.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს და დანის მუქარით, 40 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებული კ.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ და "გ" ქვე პუნქტებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

დღის ამბები