17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
სენატორი ჯინ შაჰინი: აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შელახვის პირველი მცდელობა რუსეთმა საქართველოში განახორციელა, უკრაინასა და საქართველოსთან საინვესტიციო კავშირების გაღრმავება სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს

აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შელახვის პირველი მცდელობა რუსეთმა საქართველოში განახორციელა - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორი სტატიაში წერს, რომელიც ამერიკულ გამოცემა "USA Today"- ში გამოქვეყნდა. 

სენატორი საქართველოში მის ვიზიტს იხსენებს და წერს, რომ მან ვიზიტისას "ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი" ნახა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%-ს განსაზღვრავს. 

სენატორის თქმით, საოკუპაციო ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები და საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაში ხელს უშლიან, რაც ადგილობრივების საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს ქმნის.

 "პირველი ნაბიჯები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შერყევისკენ რუსეთმა სწორედ საქართველოსთან მიმართებით გადადგა, რომელსაც მე ასევე ვეწვიე. ვნახე "ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი", რომლითაც მონიშნულია რუსეთისა და მისი ადგილობრივი ინტერესების გამტარების მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%. აქ რუსული ძალები ცდილობენ ქართველთა დაშინებას, რისთვისაც პერიოდულად ახორციელებენ მავთულხლართის გადაწევას და ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებას გამყოფი ხაზზე, რითაც აბრკოლებენ წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებაზე.

რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციის კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ჩვენთვის - ამერიკელებისთვის ესოდენ ნაცნობია არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - სულ მცირე, უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. NATO-ში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული NATO-ს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით - არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. 

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში - დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს," - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში.

დღის ამბები