17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
შეძლებენ, თუ არა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები დიპლომატიური ომის დასრულებას - რა პროგნოზები კეთდება ევროპაში

მსოფლიო ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის მოლოდინშია. ხვალ ჟენევაში შედგება ორი პრეზიდენტის სამიტი, რომელსაც წინ უძღვის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა და მძიმე ფონი.

მოსკოვი და ვაშინგტონი საუბარს ფაქტობრივად ყველაზე დაბალი ნიშნულიდან, ნულიდან იწყებენ.

ორივეს ერთმანეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი, ორივე მხარეს გაწვეული ჰყავს ელჩი, რუსი მაღალჩინოსნები ამერიკული სანქციების ქვეშ არიან, ხოლო რუსეთის ციხეში ამერიკელი სამხედროები 16 წლიან პატიმრობას იხდიან.

2018 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. 

შეხვედრა იქნება სამეტაპიანი - თავდაპირველად შეხვედრას პრეზიდენტებთან ერთად მხოლოდ ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი დაესწრებიან, შემდეგ უკვე მოლაპარაკებებს დელეგაციის სხვა წევრებიც შეუერთდებიან. 

მოლაპარაკებების თემები საკმაოდ ბევრია, მათ შორის: საერთაშორისო პოლიტიკა, უსაფრთხოების საკითხები, პანდემია, ბელარუსში არსებული ვითარება, ალექსეი ნავალნი, უკრაინა. პრეზიდენტებმა შესაძლოა სხვა საკითხებზეც ისაუბრონ.

ჟენევაში ძალიან ბევრი ჟურნალისტი იმყოფება, მთავარი ინტერესია - რა შედეგით დასრულდება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა.

"დიპლომატია არის ერთადერთი გზა, რომ შემცირდეს ერებს შორის დაძაბულობა. ამ შემთხვევაში სამიტი და პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა შეამცირებს დაძაბულობას ორ სუპერ ძალას შორის მსოფლიოში. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ძალიან ბევრის მოლოდინი, რომ სირთულეები, განსხვავებები, კამათი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის აღმოიფხვრება, თუმცა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მსოფლიო ელოდება ამ შეხვედრას," - ამბობს გერმანელი ჟურნალისტი ზენა შინუ.

პოლონელ ჟურნალისტს კი აინტერესებს, რა მოხდება შეხვედრის შემდეგ - სიტყვები დარჩება სიტყვებად, თუ მათ რაიმე კონკრეტული და ძლიერი ნაბიჯები მოჰყვება.

"ცხადია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს არის პირველი შეხვედრა, ჯო ბაიდენის როგორც პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინთან. რამდენიმე ძლიერი სიტყვის შემდეგ, რაც ჩვენ აქამდე მოვისმინეთ, და ასევე ვლადიმერ პუტინის მხრიდან საკმაოდ გადამწყვეტი ქმედებების შემდეგ, საინტერესოა, სიტყვები დარჩება სიტყვებად, თუ მათ რაიმე კონკრეტული და ძლიერი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან. დაველოდოთ," - აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი მარჩინ ვერონა.

თავის მხრივ, ხვალინდელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა.

პუტინის შეფასებითაც, შტატები-რუსეთის ურთიერთობა ბოლო წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

"შტატები-რუსეთის ურთიერთობა ბოლო წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომელთაც სჭირდებათ შედარება და იდენტიფიცირება, რომ ორმხრივი ინტერესის სფეროები უფრო ეფექტიანად მოგვარდეს, როგორც შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის სასარგებლოდ. დასავლეთმა არ შეასრულა რუსეთისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიცემული დაპირება, რომ NATO-ს გაფართოება აღმოსავლეთით არ მოხდებოდა. სად არის ეს დაპირებები? გაფართოების ორი ტალღა მოხდა. რა საჭირო იყო NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და მისი ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან დაახლოება? და თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვიქცევით აგრესიულად? რა, რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც წარმოადგენდა რამე საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის?" - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ჯო ბაიდენი პუტინს ხისტს, გამჭრიახსა და ღირსეული მეტოქეს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ გულწრფელი იყო, როდესაც მას მკვლელი უწოდა.

"მე არ მსურს კონფლიქტი რუსეთთან, თუმცა თუ რუსეთი გააგრძელებს საზიანო ქმედებებს, ჩვენ პასუხს გავცემთ. ჩვენ დავიცავთ NATO-ს და დემოკრატიულ ღირებულებებს. ვაპირებ, ვლადიმერ პუტინს განვუმარტო, რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, თუ ის ასეთ არჩევანს გააკეთებს, და თუ ის აირჩევს არ ითანამშრომლოს და იმოქმედოს ისე, როგორც წარსულში, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საქმიანობის გათვალისწინებით, მაშინ ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენი პასუხი შესაბამისი იქნება. ასევე არის სფეროები, სადაც არ ვთანხმდებით, ჩვენ მკაფიოს გავხდით, სად გადის წითელი ხაზები. მე გულწრფელი ვიყავი, როდესაც მას მკვლელი ვუწოდე. მე მას შევხვედრივარ, ის არის გამჭრიახი, ხისტი და მე აღმოვაჩინე, რომ ის არის ღირსეული მეტოქე," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები