ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ხვალინდელი შეხვედრის შედეგად ადმინისტრაცია და ანალიტიკოსები რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარღვევას არ ელოდებიან. თუმცა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ შეხვედრა საჭიროა.
ჩვენ ვესაუბრეთ სპეციალისტებს, მათ შორის მარკ სიმაკოვსკის, რომელიც წლების განმავლობაში პენტაგონში მუშაობდა. მას იმედი აქვს, რომ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა მოსკოვს და ვაშინგტონს შორის დაძაბულობას შეამცირებს. პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ჟენევის შეხვედრაზე, უმთავრეს განსახილველ საკითხებს შორის უნდა იყოს რუსეთის აგრესია და მისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
ანალიტიკოსების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ აქვს არანაირი ილუზია ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით და რუსული საფრთხეც კარგად აქვს აღქმული. თავად ადმინისტრაციაშიც მხოლოდ "პროგნიოზირებადი და სტაბილური" ურთიერთობისკენ ნაბიჯის გადადგმის იმედი აქვთ. ასეთი მცირე მოლოდინის მიუხედავადაც კი, ზოგიერთმა ექსპერტმა, რამდენიმე დღის წინ ბაიდენს იმედგაცრუებაც უწინასწარმეტყველა.
ექსპერტების აზრით, ბაიდენს ერთი მთავარი უპირატესობა აქვს, რომელიც დონალდ ტრამპს ხელიდან გაშვებული ჰქონდა - ეს არის ალიანსები. სპეციალისტები აუცილებლად თვლიან ბაიდენის მიერ მოკავშირეებთან შეხვედრების გამოყენებას, რათა რუსეთთან კოორდინირებული პოზიცია ჰქონდეთ.