17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
NATO-მ ღია კარის პოლიტიკის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა - რა გამოხმაურება მოჰყვა ალიანსის კომუნიკეს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიცია უცვლელია, 13 წლის შემდეგაც NATO ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და საქართველოს სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში სამოქმედო გეგმა-MAP-თან ერთად ელოდება. ეს ჩანაწერი იმ კომუნიკეში გაკეთდა, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა შეადგინეს.

NATO-ს 2021 წლის სამიტზე საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მაღალი შეფასება ალიანსთან ღრმა და მჭიდრო ურთიერთობისთვის, შეფასდა ქვეყნის საგარეოსთან ერთად საშინაო პოლიტიკაც, საფრთხეები, რომელიც რუსეთისგან მოდის და ასევე რეფორმები - სწორედ რეფორმების განხორციელებასა და გაგრძელებაზეა დამოკიდებული ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური მომავალიც.

NATO-ს სამიტისგან მიღებული გზავნილები მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი ძალისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ და ამბობენ, რომ მთავარი ახლა ისაა, NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე საუბარი მხოლოდ საუბრის დონზე არ დარჩეს და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულება ალიანსმა რეალობაში განახორციელოს, რასაც პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება. 

დემოკრატიული რეფორმების გატარება ოპოზიციის ნაწილს შარლ მიშელის დოკუმენტის სრულფასოვნად შესრულებაში წარმოუდგენია.

ისტორიულ შეთანხმებაზე ჩანაწერი NATO-ს ​კომუნიკეშიც გაკეთდა. ალიანსი მიესალმება პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს უჭერს მის სრულ იმპლემენტაციას ყველა მხარის მიერ. NATO-ს წევრების შეფასებით, შეთანხმება გზას უხსნის რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მზადების პროცესში.

რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ქვეყანა აღებულ კურსს არ გადაუხვევს. NATO-ს წევრობაზე კი საქართველო ალიანსის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.

NATO-ს 2021 წლის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის ერთგულება კიდევ ერთხელ დადასტურდა. ალიანსის წევრობას საქართველოსთან ერთად უკრაინაც ელოდება, უფრო დიდი მოლოდინი ახლა მომავალი წლის სამიტისკენაა მიმართული.

დღის ამბები