"ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს," - ასეთია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ერთობლივი განცხადება. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველო ორ პუნქტშია ნახსენები. მხარეები გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად ინტენსიურად გააგრძელებენ მუშაობას. ევროკავშირი და შეერთებული შტატები მხარს დაუჭერენ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რეფორმების გზას. ოფიციალური ვაშინგტონი და ბრიუსელი ადეკვატურად უპასუხებენ რუსეთის ნეგატიურ ქმედებებს.
ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ პარტნიორების გზავნილის პასუხად ქვეყანამ უნდა გააძლიეროს შიდა დემოკრატია და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე რუსეთის მავნე გავლენას.
მნიშვნელოვანს უწოდებს გზავნილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავას თქმით მნიშვნელოვანია რომ ეს გზავნილები კონკრეტულ ნაბიჯებად იქცეს:
"ეს არ უნდა დარჩეს განცხადებების დონეზე და რასაც ჩვენ ველოდებით, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ეს არის დეოკუპაცია და რუსეთის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მას მოუწევს ადრე თუ გვიან, იმედია, რომ ადრე. ვალდებულებები მას ხელშეკრულებითაც აქვს აღებული და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვითაც უნდა აღასრულოს," - განაცხადა კახა კუჭავამ.
მხარდაჭერის მნიშვნელოვან გამოხატულებად აფასებს აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას მმართველი პარტიის წევრი გივი მიქანაძეც. მისი თქმით ამის შედეგი იქნება ის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტ დახმარებას, მხარდაჭერას და უსაფრთხოების განმტკიცებას მიიღებს.