ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრამდე რამდენიმე საათი რჩება. ამერიკის პრეზიდენტი უკვე ჟენევაშია, ელოდებიან ვლადიმერ პუტინსაც. ეს, პრეზიდენტის რანგში, ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინთან პირველი პირისპირ შეხვედრაა.
შეხვედრა აქციის ფონზე ჩაივლის, ვლადიმერ პუტინის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ქალაქის ქუჩებში მოქალაქეები შეიკრიბებიან.
რუსეთის და ამერიკის დელეგაციები ჟენევაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩავიდნენ. "კურიერის" კამერამ შეძლო დაეფიქსირებინა რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენლები. მათ შორის არის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, მისი მოადგილე სერგეი რიაბკოვი და ასევე, კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი კოზაკი. რუსეთის დელეგაციის წევრებმა "კურიერის" შეკითხვებს არ უპასუხეს.
თავის მხრივ, შვეიცარიის პრეზიდენტი გაი პარმელინი ამბობს, რომ შვეიცარიას აქვს ნეიტრალიტეტის ტრადიციის ხანგრძლივი ისტორია.
"ეს არის აშშ-რუსეთის სამიტი და მისი შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იქნება გამოცხადებული და ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, ღირდა თუ არა ეს შეხვედრა. ფაქტი, რომ ორივე სუპერსახელმწიფოს საუბარი თავიანთი ქვეყნების მსოფლიოს ინტერესებს შეეხება, მნიშვნელოვანია.
შვეიცარიას აქვს ნეიტრალიტეტის ტრადიციის ხანგრძლივი ისტორია. ბოლოს ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა დაახლოებით 35 წლის წინ, თუ არ ვცდები და ვფიქრობ, რომ ამ ასპექტმა გარკვეული როლი ითამაშა აქ შეხვედრის ორგანიზებაში,“ - აცხადებს გაი პარმელინი.