17 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
პანდემიის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო - TI-ის კვლევა

როგორ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები -  ბოლო 2 წლის მონიტორინგის შედეგებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დეპუტატებს აცნობს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზეც.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაშია ნათქვამი, მთავრობის წევრები და სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემიის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო.

"პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავის ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის  უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას. პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ  მონიტორინგს: 

საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;

საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა;

კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

რეგლამენტში არ არსებობს საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც გააძლიერებდა ოპოზიციის როლს პარლამენტის საქმიანობის და მათ შორის საპარლამენტო კონტროლის პროცესში. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების მხოლოდ არსებობა პარლამენტში, არ წარმოადგენს საკმარის მექანიზმს ეფექტური საპარლამენტო კონტროლისათვის:

პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის  წარმომადგენელია;

პარლამენტის მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, რეგლამენტი არ ითვალისწინებს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციის ვალდებულებას და მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღებას, რაც ზრდის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს.

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგ., ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ, გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების,  მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა,  არცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია:

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს კანონი არ ანიჭებს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კონტროლის მიზნით სპეციალური მექანიზმების გამოყენების უფლებამოსილებებს (მაგალითად, ზედამხედველობა ინფორმაციის მოპოვების ღონისძიებებზე, ფარულ ღონისძიებებზე, უსაფრთხოების სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ა.შ.);

ნდობის ჯგუფს პარლამენტის რეგლამენტი ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდულ მანდატს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტით გაიზარდა ნდობის ჯგუფის კომპეტენცია, არ არის უზრუნველყოფილი ექსპერტთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პროცესში, ნდობის ჯგუფთან არ არსებობს ექსპერტთა საბჭო, რომლის წევრებსაც ექნებოდათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე და შეძლებდნენ კონტროლის განხორციელებას.

მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, მაგ., მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს. საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი  1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა;   ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას მინისტრები არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს. საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება  32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.

არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები