17 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
"პუტინი მკვლელია", "რუსეთი ოკუპანტია"- ჟენევაში ბაიდენი-პუტინის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების აქციის ფონზე მიმდინარეობს

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ჟენევაა, სადაც ვლადიმერ პუტინის და ჯო ბაიდენის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყების დროს იყო მოკლე კომენტარები, მთავარი გზავნილები, რომლებიც მხარეებმა მედიის თანდასწრებით გააჟღერეს. მისალმება დაიწყო პუტინმა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ბევრი საკითხია, რომელსაც მაღალ დონეზე განხილვა სჭირდება.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა  ნაყოფიერი იქნება. ამერიკის პრეზიდენტმა კი ხაზი გაუსვა, რომ არსებობს უთანხმოება რიგ თემებზე და საჭიროა რაციონალური და პროგნოზირებადი ურთიერთობა.

შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, ჟენევის ცენტრში ქართველები და უკრაინელები ერთად შეიკრიბნენ, ისინი რუსეთის აგრესიას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკრაინის ტერიტორიების ანექსიას აპროტესტებენ.

"ვაპროტესტებთ საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გატაცებას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან გავყვებით და ყველას შევახსენებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინი მკვლელია,"- აღნიშნავს აქციის ორგანიზატორი გურამ ჩუხრუკიძე.

"რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და წამებაზე. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, რომ ყველამ დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,"- ამბობს აქციის მონაწილე რეზი ტყემალაძე.

"უკრაინელი და ქართველი ხალხი აქ ერთად ვდგავართ, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, ჩვენი ქვეყნები რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი არიან. გვინდა შევახსენოთ მსოფლიოს, რომ დონბასი და ყირიმი უკრაინაა. ჩვენ ვიცავთ ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებს რუსეთის ავტორიტარული რეჟიმისგან და კრემლის აგრესიისგან. ჩვენ დახმარება გვჭირდება რუსეთის შესაკავებლად,"- აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ოლენა ვინოგრადოვა.

დღის ამბები