ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის თითქმის 4 საათიანი შეხვედრა დასრულდა. ორი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი ერთმანეთს ხუთი ხუთზე ფორმატით შეხვდა, მოლაპარაკებების განმავლობაში ლიდერებს პირისპირ დიალოგი არ ჰქონიათ.
თვითმფრინავი, რომლითაც ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენთან შესახვედრად მშვიდობის ქალაქში ჩაფრინდა, ჟენევაში ისტორიულ შეხვედრამდე მხოლოდ 20 წუთით ადრე დაეშვა. პრეზიდენტ პუტინს, პირველ სტუმარს, სასახლის წინ შვეიცარიის პრეზიდენტი დახვდა.
შეხვედრის მთავარ მონაწილეებს საჯაროდ არაფერი უთქვამთ. ვიდრე, სასახლეს დაუთმობდა, ნეიტრალური ქვეყნის პირველმა პირმა გაი პარმელინიმ ვაშინგტონსა და მოსკოვს, ქვეყნებისა და მსოფლიოს სასარგებლოდ ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
პრეზიდენტებმა პანდემიის გამო ბოლო ორი წლის დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვიეს და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. თუმცა, ხელის ჩამორთმევა და ღიმილი, ლიდერების მეგობრობის ნიშანი რომ არ არის, ეს ყველასთვის ცნობილია. პროტოკოლით გათვალისწინებულმა მისალმებამ მოლოდინი გააჩინა, რომ მხარეები ერთგულები რჩებიან სამიტამდე გაცხადებული პოზიციის - დაძაბულობა შემცირდეს.
შეხვედრის ინიციატივა რომ ვაშინგტონს ეკუთვნის, პუტინმა ამ საკითხის ხაზგასმით დაიწყო საუბარი, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ უთანხმოების განმუხტვა უფრო ადვილი პირისპირ შეხვედრებითაა შესაძლებელი.