იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 90-მდე მოსამართლის დანიშვნისთვის ემზადება. დღესვე მან მოსამართლეთა რამდენიმე კანდიდატი პარლამენტს უნდა წარუდგინოს. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენაზე, 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 პირის ქვედა ინსტანციაში გადაყვანაზე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ მსგავსი მასშტაბური დანიშვნების ერთ დღეში განხორციელება პირდაპირ მიუთითებს რამდენად სავალალო მდგომარეობაში და "უპასუხისმგებლობის პიკზეა" სასამართლო სისტემა.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამართავს კენჭისყრას მოსამართლეთა ვაკანსიებზე, რომელთაგან ნაწილი შეეხება უზენაესი სასამართლოს კანდიდატურებს და გადაწყდება, თუ ვინ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ასევე, საკითხი შეეხება დაახლოებით 90 ვაკანსიას, რომელიც არის ქვედა ინსტანციებში. შერწყმულია საკანონმდებლო ორგანო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვინაიდან მათი ქმედებები არის თანხვედრაში მოსამართლეების დანიშვნების თუ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ქვედა ინსტანციების კონკურსს, ამ შემთხვევაშიც იყო პრობლემები და ერთ-ერთი უკავშირდება ნეპოტიზმს. ლევან გზირიშვილი გაურიგდა ე.წ. კლანს და საბოლოოდ ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ მისი შვილი არის მოსამართლეობის კანდიდატი," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.