ბაიდენ-პუტინის შეხვედრას თბილისში პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიცია ფაქტს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ისტორიულ შეხვედრაზე საქართველოზე არ ისაუბრეს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სისუსტედ აფასებს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტს განეცხადებინა შესაბამისი გზავნილები საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ ვნახეთ, რომ საქართველო დღის წესრიგში არ იყო. ეს არის იმის შედეგი, რომ გასული წლების მანძილზე ჩვენი საგარეო პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციით იმართება, რომლის მიხედვითაც საქართველო არ უნდა იყოს განხილვის თემა დიდ მოთამაშეებს შორის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
რატომ არ იყო ნახსენები საქართველო - საკუთარი არგუმენტები აქვს უმრავლესობას - ისინი თვლიან, რომ უკრაინის კონტექსტში საქართველოც იგულისხმებოდა.
"ფორმატის მიხედვით, ძირითადად საუბარი გლობალურ საკითხებზე იყო და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჯო ბაიდენის მხრიდან გაჟღერდა, ეს იყო რუსეთის მხრიდან თავისი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, რაც ძალიან მტკიცე გზავნილია. ვეთანხმები ოპონენტებს, რომ საქართველო დღის წესრიგში არ იყო, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით კი ძალიან მყარი გზავნილები დაფიქსირდა,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.