17 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
ნიკა მელია შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს

ნიკა მელია შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის კონგრესმენებს შეხვდა. მათ შორის, დეივიდ პრაისს. შეხვედრა გაიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, ჯონ ტეფტთანაც.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იმყოფებოდა მარშალის ფონდსა და კენანის ინსტიტუტებშიც, სადაც წამყვან მკვლევარებს გაესაუბრა. მასპინძლებმა ხაზი გაუსვეს ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების მნიშვნელობას.

"ძალიან მიხარია, რომ უკვე მერამდენე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" დელეგაციას ეძლევა შესაძლებლობა გააცნოს ჩვენს  პარტნიორებს, ახალ ფორმირებული ხედვა. ხედვა, რომელიც არის მათ მიერ მოწონებული და ეს ძალიან მახარებს. ხედვა, რომელიც ეხება ქვეყნის შიგნით, ქართული პოლიტიკური რეალობის შეცვლას, ასევე ხედვა, რომელიც ეხება გრძელვადიან სახელმწიფო განვითარებას,"- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პარლამენტის ფრაქციის "ენმ - ძალა ერთობაშია" წევრი ნიკა მელია.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ბოკუჩავას თქმით, გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება "ნაციონალური მოძრაობისა" და ნიკა მელიას როლზე. 

"ხაზი გაუსვეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და კონკრეტულად ნიკა მელიას როლს. ყველას ესმის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე სწორი ოპოზიციის თანამშრომლობის და კოორდინაციის პირობებში, აუცილებლად გახდება ეს არჩევნები ვადამდელი არჩევნების წინაპირობა, რაც თავისთავად განაპირობებს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას დემოკრატიული გზით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თინათინ ბოკუჩავა.

დღის ამბები